ნინო ჩხობაძე: ძალიან ძნელია, ასეთ სიტუაციაში განსაზღვრო, იმყოფებიან თუ არა ცხოველები გარეთ

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი დღეს „ლაგუნა ვერე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა. ნინო ჩხობაძემ „კვირასთან“ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ზოოპარკის ადმინისტრაციას არ უნდა დაყრდნობოდა, როდესაც  მოსახლეობას  დედაქალაქში ცხოველების გარეთ არყოფნის შესახებ ინფორმაციას  აწვდიდა.

„როდესაც ასეთი საგანგებო მდგომარეობა იქმნება, ინფორმაცია, თუ რამდენი ცხოველი ჰყავს  ზოოპარკს,  იცის ყველამ. მათ შორის  საგანგებო შტაბის წევრებმა, რომლებთანაც ყველა ინფორმაცია თავს იყრის. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან  განცხადებების გაკეთება მხოლოდ ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით არ უნდა მომხდარიყო.  იმიტომ,  რომ ჯერ არ არსებობდა საბოლოო სურათი.

რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს,  მიჭირს ამ ფაქტის შეფასება, თუმცა,  არ შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანს დავაკისროთ პასუხისმგებლობა.   აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინფორმაციით, სპეციალური სამსახურების მხრიდან არც ერთი წუთით არ შეჩერებულა სამძებრო ღონისძიებები და  ეს სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.

კონკრეტულად აბრეშუმის ქარხანას რაც შეეხება, მე როგორც ვიცი, ამ ადგილიდან  შესაბამის უწყებებში ცხოველების  არსებობის შესახებ არც ერთი შეტყობინება არ შესულა.

ძალიან ძნელია,  ასეთ სიტუაციაში განსაზღვრო,  იმყოფებიან თუ არა ცხოველები  გარეთ. ორი დღის წინ ქვეყანაში ისეთი ვითარება განვითარდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ ვერ ფლობს ზუსტ ინფორმაციას.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მე,  როგორც რიგითი მოქალაქე, მუდმივად ვცდილობ ვიფრთხილო, იმიტომ,  რომ სანამ ცხოველების  ბოლო  გვამები არ იქნება ამოცნობილი, სანამ ყველაფერი არ იქნება დათვლილი, მაინც სათუაო ნებისმიერი განცხადება.

მე რამდენადაც ვიცი, სპეციალური სამსახურები მობილიზებულნი არიან და ცხოველებს თითქმის ყველა წერტილში ეძებენ. მათ არაერთხელ გააკეთეს განცხადება,  რომ  თუკი ცხოველებს შენიშნავდნენ და მათ ნამდვილად დაინახავდნენ, ახლოს არ მისულიყვნენ და შესაბამისი სამსახურებისთვის მიემართათ. ეს განცხადებები ყველასთან მიმართებაში იყო გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები