„ახლა ამ საკითხის პოლიტიზირება და საუბარი არასწორ მენეჯმენტზე არასწორია“

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ტრაგიკული ფაქტის პოლიტიზირება უზნეო საქციელია.

როგორც მანჯავიძემ განაცხადა ტერიტორია, სადაც ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა ტრაგიკულ შემთხვევამდე არაერთხელ შემოწმდა.

„ჩემი აზრით, ამ ვითარებისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა ნამდვილად არ არის ზნეობრივი საქციელი. ის ტერიტოირები შემოწმდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ საქმე გვაქვს ვეფხვთან, რომელსაც ახასიათებს ადაპტირების უნარი და ვერ აღმოაჩინეს. ახლა ამ საკითხის პოლიტიზირება და საუბარი არასწორ მენეჯმენტზე არასწორია. იმის გამო ყველაფრისთვის ხაზის გადასმა, რომ არ მოხდა ვეფხვის აღმოჩენა და ბატონმა გურიელიძემ შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდა მთავრობას, ეს არის წმინდა წყლის უზნეობა და ეს არის სულმდაბლობა. ტრაგედია მოხდა 13-ში, დღეს კი უკვე 17 რიცხვია. წარმოიდგინეთ, რომ ცხოველი თავის თავს არ ავლენდა. ყველასთვის გამაოგნებელი იყო ეს ისტორია. ამიტომ ამ საკითხზე სულმდაბლური გამოხტომები და ნიშნის მოგება ამ ტრაგიკულ ვითარებაში აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მანჯავიძემ.

მისივე ვარაუდით, თავად ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე შევიდა შეცდომაში, რადგან ვერ წარმოიდგინა, რომ დახურული ვოლიერიდან ცხოველი გაქცევას შეძლებდა, ამიტომ იფიქრა, რომ ის მკვდარი იყო. თუმცა აქვე მანჯავიძე აღნიშნავს, რომ სანამ ცხოველის ნეშტი იდენტიფიცირებული არ იქნება, არ შეიძლებოდა ინფორმაციის გავრცელება, რომ ის მკვდარი იყო და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

„არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, თუმცა მაინც სანამ არ არის ცხოველის ნეშტი იდენტიფიცირებული, მანამდე არ შეიძლება ის მკვდრად ჩაითვალოს და მით უმეტეს, არ შეიძლება სახელმწიფოს უმაღლეს პირებს მიეწოდოს ინფორმაცია, რომ საფრთხე აღარ არსებობს. შეიძლება მოტივი არ იყო დანაშაულებრივი, მაგრამ მვიღეთ მსხვერპლი, რაზეც აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. ისევე როგორც, უნდა დადგეს ამ ტრასის მშენებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა“, – აღნიშნა მანჯავიძემ „პირWელთან“ საუბრისას.

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვი მამაკაცს დაესხა თავს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მტაცებელი ცხოველი ლიკვიდირებულია. მთავარმა პროკურატურამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე, რის შედეგადაც ოთარ ხუციშვილი გარდაიცვალა, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო. პროკურატურა იმის დასადგენად იმუშავებს, ჰქონდა თუ არა რომელიმე საჯარო მოხელის მიერ ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები