ნინო გიორგობიანი: ტერიტორია, სადაც ვეფხვი იყო, ძალიან ბევრჯერ შემოწმდა, ხოლო თვითონ შენობა – არა, რადგან ჩაკეტილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის მტკიცებით, ტერიტორია, სადაც ვეფხვი იყო, ძალიან ბევრჯერ იქნა შემოწმებული სპეცსამსახურების მიერ, ხოლო თვითონ შენობა არ შემოწმდა, რადგან ჩაკეტილია.
გიორგობიანის თქმით, შენობას ფანჯრებზე გისოსები და რკინის კარი აქვს. მისივე თქმით, სპეცსამსახურები არკვევენ, საიდან მოხვდა ცხოველი შენობაში.
„გარკვეული ვერსიები გვაქვს, რომელსაც პრესას დღესვე გავაცნობთ. სტიქიის დღიდანვე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, სპეციალური სამსახურები მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყვნენ ცხოველები, აწარმოებდნენ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, უკვე აღარ არიან მტაცებელი ცხოველები გარეთო, ამ განცხადების მიუხედავად, ჩვენი სამსახურები დღემდე ახორციელებენ კონტროლს. ამიტომ, ის რომ მონიტორინგმა ვერ გაამართლა, ვერ დაგეთანხმებით“,- განაცხადა გიორგობიანმა.
იგი ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვის არსებობის შესახებ 112-ში შესულ შეტყობინებას გამოეხმაურა.
„აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შევიდა 112-ში ნახევარი საათის წინ. ერთ-ერთმა მოქალაქემ დაინახა ვეფხვი ამ ქუჩაზე. შეტყობინებისთანავე 112-მა შესაბამისად გაანაწილა ზარი და შესაბამისი სამსახური გასულია ფალიაშვილის ქუჩაზე.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ჯერჯერობით ის თვითმხილველი, ვინც ვეფხვი დაინახა, კონტაქტზე არ გამოდის. შესაბამისი სამსახურები ადგილზე რჩებიან, რათა აღნიშნული ინფორმაციის სრულად გადამოწმება მოხდეს.  თავად სპეცსამსახურებს არ უნახავთ ვეფხვი, არც ადგილობრივებს არ უნახავთ“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები