ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის თბილისში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ღრმა მწუხარებით განვიცადე თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად ადამიანთა გარდაცვალების შესახებ მიღებული ცნობები. ყაზახეთის ხალხის და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წვერებს, ახლობლებს, გისურვებთ მოკლე დროში დაძლიოთ სტიქიის ტრაგიკული შედეგები“,- ნათქვამია ნაზარბაევის წერილში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივად იღებს სატელეფონო ზარებსა და სამძიმრის წერილებს ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
“ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები სურვილს გამოთქვამენ მატერიალური დახმარება აღმოუჩინონ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ავია–კომპანიამ „Air Astana“, რომელთანაც საქართველოს საელჩოს მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, მზაობა გამოთქვა ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ქართული საზოგადოებრივი ცენტრის “კოლხეთისა“ და სათვისტომოს წარმომადგენლებთან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარების აღმოჩენაში, ჰუმანიტარული ტვირთის და გადასარიცხი თანხების მობილიზებაში. ასევე სატელეფონო საუბრები შედგა ქ. ალმატის, ქ. ყარაგანდის, ქ. აქტაუს ქ. შიმკენტის და ქ. ატირაუს სათვისტომოების წარმომადგენლებთან, რომლებმაც დაზარალებულთა დახმარების აღმოჩენის მზაობა გამოთქვეს“,-აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები