გიორგი მარგველაშვილი: აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე

თუ ჩვენ დავიწყებთ დამნაშავეების ძიებას და არა ვითარების პროფესიურ შესწავლას, კიდევ უფრო დავიკარგებით დეტალებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “ლევილში” განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახი მოინახულა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან.
“გაკვეთილი არის კატასტროფული. ჩვენ ვნახეთ, რომ სტიქიამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ძალიან ნათელია დასკვნა – აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე. არ შეიძლება არ ვეკითხებოდეთ აზრს დარგის სპეციალისტებს არა მარტო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ არასდროს აღარ მოხდეს. ამაზე პასუხი არ აქვს არც ერთ პოლიტიკოსს, ამაზე პასუხი აქვთ ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, ქალაქის განვითარების სპეციალისტებს, რომელთა ხმასაც ჩვენ დღეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. სწორედ არ მოსმენის შედეგია, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ. ეს არ არის თანამედროვე ვითარება. თანამედროვე საზოგადოება არ ცხოვრობს ასე – როდესაც ხევის ადიდების შედეგად ადამიანების სიცოცხლეს ვკარგავთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს პასუხი არ აქვს შეკითხვაზე, ხედავს თუ არა მომხდარის გამო ის ვინმეს პასუხისმგებლობას, რადგან მისი თქმით, ამ სფეროში კომპეტენტური არ არის.
“მე არ ვარ ამ სფეროში კომპეტენტური და ვერც ერთ თემას ვერ მივაბამ წინა ხელისუფლებას, ვერც იმის წინა ხელისუფლებას, ვერც კომუნისტების პერიოდს, იმიტომ რომ არ ვარ ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი. მე თქვენ გესაუბრებით ფაქტზე – თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან. მეორე – თუ ჩვენ დავიწყებთ დამნაშავეების ძიებას და არა ვითარების პროფესიურ შესწავლას, კიდევ უფრო დავიკარგებით დეტალებში. ჩვენ უნდა გვქონდეს კვალიფიციური დასკვნა სპეციალისტების იმასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ეს პრობლემა. ამ თვალსაზრისით მე არა პოლიტიკურ, არამედ მეცნიერულ მსჯელობას ველოდები და იმედი მაქვს, რომ ასეთი მსჯელობა შედგება, რადგან საქართველოს ჰყავს მართლაც გამორჩეული სპეციალისტები ბევრ დარგში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და გარდაცვლილების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
სასტუმრო “ლევილში” 16 ოჯახი – დაახლოებით 60 ადამიანია განთავსებული. მათ ხარჯებს პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან ფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები