„ნაციონალები“ ღებავდნენ ფასადებს, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ სტიქიური უბედურებებისაგან თბილისის დასაცავად“

„2015 წლის 13 ივნისის შემზარავი ტრაგედიის მიზეზი: სააკაშვილის ნაცხროვის უმეცრება და მატრაბაზობა!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა სტატიაში 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც სტატიის ავტორი ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის დროს განხორციელებულ პროექტებზე დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
„დიახ, მთელი საქართველო დღესაც სააკაშვილის მიერ ჩატოვებულ ნაღმებზე ზის და დგას! სწორედ ერთ-ერთ ასეთ ნაღმზე აფეთქდა თბილისი 2015 წლის 13 ივნისს! რატომ? იმიტომ, რომ თბილისს არა აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა! იმიტომ, რომ თბილისში სანიაღვრე კოლექტორები რამდენიმე ათეული წელია, არ გაწმენდილა და ოდნავ მომეტებული ნალექის მოსვლაც კი დედაქალაქისთვის უმძიმესი, ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდება. ნაციონალები ღებავდნენ ფასადებს და ალამაზებდნენ ბაღებს და სკვერებს, მაგრამ 9 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ სტიქიური უბედურებებისაგან თბილისის დასაზღვევად და დასაცავად. რატომ? იმიტომ, რომ სანიაღვრე კოლექტორების გაწმენდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მწყობრში მოყვანა „საკასტინგედ“ არ გამოდგებოდა, თავისი სიღაჟღაჟით თბილისელებს თვალს ვერ მოსჭრიდა და „ქვეყნის აღმშენებლობაზე“ ვირტუალურ წარმოდგენას ვერ შეუქმნიდა. უფრო უარესი – სააკაშვილის ხელისუფლება დედაქალაქის ეკოლოგიური და სტიქიური კატასტროფისაგან დასაცავად არათუ თითს თითზე არ ადებდა, პირიქით, ბუნებაში უხეში ხელოვნური ჩარევებით თავად ახდენდა კატაკლიზმების პროვოცირებას.
დიახ, სააკაშვილი ძალაუფლებამ ისე გადაიყვანა ჭკუიდან, დაავიწყდა, რომ ბუნება მბრძანებელია და თავად მოინდომა მასაზე მბრძანებლობა! ამის ნათელი მაგალითია ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩის ე.წ. ახალი გზა და გმირთა მოედნის ესტაკადა, ანუ მდინარე ვერეს გასწვრივ აშენებული ავტომაგისტრალი, რომელიც ნაციონალებმა თბილისის თავზე დამოკლეს მახვილით დაკიდეს. დიახ, სწორედ ამ ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო შეუვიწროვეს და შეუცვალეს კალაპოდი მდინარე ვერეს – ეს დაუდგომელი და ვერაგი მდინარე ხელოვნურ სადინარში მოაქციეს. ამას დაემატა ვერეს ხეობაში კლდის გაჭრა, გვირაბის გაყვანა და მეწყერსაშიში მონაკვეთებზე საცხოვრებელი კორპუსების ჩაკვეხება. მოკლედ, ნაციონალებმა გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც სასტიკად არ შეიძლებოდა – ბუნებაზე იძალადეს, მდინარე ვერე ერთგვარ სარკოფაგში „გამოკეტეს“ და თანაც ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ გარემოზე ზემოქმედების არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ, მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციაზე არ უფიქრიათ“, – წერს „ასავალ-დასავალი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები