ექსპერტიზის ბიურო ღვინის მონაცემთა ბანკს ქმნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო 2014 წლიდან ღვინის მონაცემთა ბანკს ქმნის, – ამის შესახებ ბიურო განცხადებას ავრცელებს. როგორც ცნობილია, სხვადასხვა სახეობის კვებისა და ალკოჰოლური თუ უაკლოჰოლო სასმელების ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აქამდეც ტარდებოდა, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ბაზარზე მომხმარებელს ფალსიფიცირებულ ალკოჰოლიან სასმელს აწვდიან.
„2014 წლიდან კვების სამმართველოს გეგმაშია მუშაობის დაწყება ღვინის მონაცემთა ბანკის შექმნაზე. როგორც ცნობილია, საქართველოში არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც გაწერილი იქნება, თუ რა ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით ხასიათდება საქართველოში დამზადებული კონკრეტული დასახელების ღვინო, რით არის იგი უნიკალური და განსხვავებული სხვა ღვინისაგან. ეს საკითხი აქტუალურობას განსაკუთრებით მაშინ იძენს, როცა საქმე სპეციფიკური მიკროზონის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს ეხება. რადგან სწორედ ადგილწარმოშობის ღვინო არის გაყალბების ხშირი სამიზნე. სამომხმარებლო ბაზარზეც ხშირად მოხვედრილან სხვადასხვა ადგილებში დამზადებული და ჩამოსხმული ღვინოები ეტიკეტით: „ხვანჭკარა” ან „ქინძმარაული”. მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების და ღვინის ნატურალურობის დადგენის გაუმჯობესების მიზნით, ევროპული კომისიის ინიციატივით, 2002 წელს დაიწყო პროექტი ღვინის მონაცემთა ბანკის დაარსების შესახებ. ეს პროექტი მოიცავს ევროკავშირის ოფიციალურ და კერძო ლაბორატორიებს. პროექტის ფარგლებში ათასობით ღვინო იქნა გაანალიზებული. თითოეულ ნიმუშში გაკეთდა 100-მდე მაჩვენებელი. ბიუროს კვების სამმართველო აკრედიტებულია ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. სამმართველო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაგანაც ორი მეცნიერებათა კანდიდატია, ხოლო სამს მინიჭებული აქვს ექსპერტ-კრიმინალისტის კვალიფიკაცია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იცავს მომხმარებელს ფალსიფიცირებული, უხარისხო და მავნე პროდუქტისაგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.