კაზრეთის თემაზე სამუშაოდ მედიატორი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კაზრეთის ქარხნის მუშების მასობრივ გაფიცვასთან დაკავშირებით, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის მოლაპარაკებების საწარმოებლად დაინერგა მედიატორის ინსტიტუტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კაზრეთის თემაზე სამუშაოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიატორის თანამდებობაზე ირაკლი ყანდაშვილი დანიშნა.
დამოუკიდებელი მედიატორი დღეს კაზრეთში გაფიცულ მუშებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა პაატა ჟორჟოლიანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველმა ბექა ნაცვლიშვილმა წარუდგინეს. მედიატორის დანიშვნა დამსაქმებელთან (დამსაქმებელთა ასოციაცია) და დასაქმებულთა წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოხდა.
“მედიატორის მთავარი ფუნქციაა, მოისმინოს ორივე მხარის პოზიცია, დასვას მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან და მიაღწიოს მათ შორის შეთანხმებას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად არც მთავრობის ადმინისტრაციის და არც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უშუალოდ მედიაციის პროცესში არ მონაწილეობენ, რაც აუცილებელი პირობაა მსგავს შემთხვევებში დადებითი შედეგის მისაღწევად. ზოგადად, შრომითი დავების გადაჭრისთვის მედიაციის ინსტიტუტის ჩართულობა მსოფლიოში მიღებული ფორმაა, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამიტომ საქართველოში იმყოფება შრომის მსოფლიო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტი როჯერ ლეკური, რომელიც დღეს გამართული მოლაპარაკებების პროცესს აკვირდებოდა”, – აღნიშნულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ დასაქმებულთა ინტერესების დამცველმა, კაზრეთის ქარხნის პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დადუნაშვილმა ქარხანაში დასაქმებულებს შეხვედრის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, მედიატორს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა არსებული სიტუაციისა და დასაქმებულთა მოთხოვნების შესახებ. ირაკლი ყანდაშვილი დამსაქმებელ მხარესთან შეხვედრის შემდეგ კაზრეთში ჩავა და გაფიცვის მონაწილეებს ახალ დეტალებს გააცნობს. ქარხნის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით განხორციელდება და მხარეები კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან.აღნიშნული პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ მედიატორი არ მიაღწევს შეთანხმებას მხარეებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები