პრემიერი მოსახლეობას მიმართავს, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში, „112“-ს დაუკავშირდნენ

საქართველოს პრემიერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიმართავს, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში, „112“-ს დაუკავშირდნენ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, გაქცეული ცხოველების ზოოპარკში დასაბრუნებლად შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

“ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დასაბრუნებლად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გუშინ ღამევე დაიწყეს მუშაობა. მოსახლეობა გაფრთხილებულია. მე მსურს კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და ცხოვლების შენიშვნის შემთხვევაში „112“-ს დაუკავშირდნენ. მოსახლეობის უსაფრთხოების გამო შესაბამისი სამსახურები შეძლებისდაგვარად ახორციელებენ გაქცეული ცხოველების გაუვნებელყოფას”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე ქალაქში საავტომობილო შეზღუდვებზეც ისაუბრა. პრემიერის ინფორმაციით, საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების კვლევა.

“სტიქიის გამო შეფერხებები იქნება გადაადგილებაში. საპატრულო პოლიციამ გაავრცელა უკვე მოძრაობის მარშრუტები. თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან. ითვლება ზარალი და მოსახლეობას მაქსიმალურად მხარდაჭერა გაეწევა. მობილიზებულია ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა მთლიანად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები