ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის N14 დაწესებულების მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე, ცემის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ექვსი პირი დამნაშავედ ცნო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 12 მაისს, სად-ის N14 დაწესებულებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტისათვის ხელის დარტყმის გამო, „ქურდულ სამყაროში“ დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მკაცრად დასჯის მიზნით, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, გონების დაკარგვამდე ჯგუფურად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, 117-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებითა და 2231მუხლის პირველი ნაწილით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობით გამოწვეული ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შოთა სინაურიძესა და გელა უშხვანს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ნუგზარ ბუჩუაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლაშა კვანტალიანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სოლომონ დაშნიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თეიმურაზ გურეშიძეს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით მიუსაჯა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 5 ნოემბერს ლევან კორტავას გარდაცვალებაში მონაწილე კიდევ ერთი ბრალდებული – გიორგი შემაზაშვილი დამნაშავედ სცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა. ამავე ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სსკ-ის 332-ე და 375-ე მუხლებით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, გრძელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები