სასამართლო ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოების წარმომადგენლებს, კერძოდ კი, მედიას, პროცესის მონაწილე მხარეებს და ყველა იმ პირს, ვინც შემხებლობაშია ნაფიც მსაჯულთა განსჯად – სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარი განმარტების თუ განცხადების გაკეთებისაგან თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.
საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია და შესარჩევია ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა, მედიასაშუალებებით ნებისმიერი ხასიათის განცხადებებმა და საჯარო განხილვებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების განხორციელებას.
ამავე განცხადების თანახმად, მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო, ასევე, მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის ფარგლებში, სრულად უზრუნველყონ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომა 2015 წლის 10 ივნისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
ცნობისთვის:აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წლის 5 ივნისს 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.