გერმანიის ელჩი: საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია
საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია, – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„ყველამ იცის, რომ ეს არის ულამაზესი ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი მეგობრულია ქართველი ხალხი“, – განაცხადა ორთვინ ჰენიგმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ორთვინ ჰენიგს, რომელიც 2010 წლის მაისიდან არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქმიანობის ხუთწლიანი ვადა ამოეწურა.