Financial Times: სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა კანონზომიერებიდან გადახვევა იყო

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ოდესის გუბერნატორად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებების სისწორე ეჭვქვეშ დააყენა.

Financial Times-ი უკრაინულ საკადრო ცვლილებებზე სტატიას აქვეყნებს და არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის დაწინაურებამ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს.

პუბლიკაციის ავტორის თქმით, რთულია იმის დაჯერება, რომ არ მოიძებნა კვალიფიციური ადგილობრივი, რომელიც ოდესის გუბერნატორის პოსტს დაიკავებდა.

„ცხადია, რომ პოროშენკო მოხიბლულია სააკაშვილით და აფასებს მის გამოცდილებასა და ნიჭს. მაგრამ ასე, ერთი ხელის მოსმით გუბერნატორად დანიშვნით ჩნდება ოდესელთა შეურაცხყოფის რისკი, ასევე ჩნდება კითხვები პოროშენკოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნართან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, ქაოტური რეფორმატორული ენერგია გამოავლინა, რასაც თან არაპროგნოზირებადობა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ერთვოდა.

„რუსეთის ლიდერებისგან განსხვავებით, რომელთაც ის სძულთ, ასევე ზოგიერთი დასავლელი მეგობრისგან განსხვავებით, რომლებიც ოდესღაც ეპყრობოდნენ მას, როგორც უდიდეს ქართველ გმირს დავით აღმაშენებლის შემდეგ, მე არ მაქვს მყარი შეხედულებები არც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და არც მის საწინააღმდეგოდ. თუკი კუთხეში მომამწყვდევთ, ვიტყვი, რომ 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტობის დროს მან გამოავლინა შთამბეჭდავი, თუმცა ოდნავ ქაოსური რეფორმატორული ენერგია, რომელიც მან მიმართა იმისკენ, რაც, მისივე აზრით, იყო საქართველოს პროდასავლური ბედი.
მისი მოდერნიზატორული აღტყინება თავს უყრიდა უკიდურეს თავდაჯერებასა და ბიზნესსკოლის დონის ინგლისური ენის ცოდნას, რასაც ერთვოდა არაპროგნოზირებადობა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ზოგჯერ წინდაუხედაობაშიც გადადიოდა. 2008 წლის ოქტომბერში მე ინტერვიუ ჩამოვართვი მას ბრიუსელში, ორ თვეში რუსეთთან ხანმოკლე ომიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა პრაქტიკულად დაანაწევრა საქართველო და აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. ის ჩვეულზე მეტად თავშეკავებული ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ უცებ გონება გაუნათდა და მიხვდა, რომ რუსეთის მიერ გონივრულად დაგებულ ხაფანგში გაება, რამაც გამოიწვია კონფლიქტი“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები