გიორგი მარგველაშვილმა ვახტანგ გომელაურს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

პოლიციელი მოწოდებულია ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვისკენ, მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა და დასძინა, რომ მის რწმენას ის სულისკვეთება განაპიროებებს, რომელსაც იგი პოლიტიკურ ელიტაში ხედავს.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც პოლიციის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული, გომელაურმა თავისი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი სწორი პოლიტიკური მიდგომით, ეფექტიანად იმუშავა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა პოლიციამ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს, დანაშაულის პრევენციაზე. ნდობა, საზოგადოებასთან სიახლოვე და საზოგადოებასთან კონტაქტი არის ის, რაც ბუნებრივად პოლიციელის საქმეა, რადგან პოლიციელი მოწოდებულია ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვისკენ. მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღმავდება. ამის მტკიცე თქმის შესაძლებობას მაძლევს ის სულისკვეთება, რომელსაც მე ვხდედავ პოლიტიკურ ელიტაში. ამის საფუძველს მაძელვს ის, რომ თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მინდა, ხაზგასმით მივულოცო დღევანდელი დღე. რთულ ვითარებაში, როდესაც პოლიციის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული, ბატონმა გომელაურმა შეძლო და ფაქტობრივად, თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი. თავისი სიმშვიდით, თავისი პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტკური მიდგომით და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ქართული პოლიციის გაძლიერებისთვის იბრძოდა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართული პოლიცია საზოგადოებაში გამეფებულ კრიმინალს მოერია და ეს გზა ასეც გაგრძელდება.
„ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულე გვქონდა ჩვენ, როგორც საზოგადოებას. საზოგადოებას, რომელშიც კრიმინალი იყო გამეფებული, საზოგადოებაში, რომელშიც ძალიან ხშირად იყო აღრეული როლები. ქართულმა პოლიციამ ეს გზა გაიარა. გაიარა და მოვიდა დღევანდელ დღემდე, როდესაც ჩვენ ამაყად ვამბობთ, რომ ვიცავთ თითოეული მოქალაქის ინტერესებს, თითოეული მოქალაქის უფლებებს და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას, დაცულობას და მათ ქონებას. მინდა, ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ წლების განმავლობაში თავისი სიცოცხლე შესწირა ამ ბრძოლას, ვინც ნათლად იდგა საქართველოს ყველა მოქალაქის გვერდით. ეს გზა გასაგრძელებელია, ეს გზა გასაღრმავებელია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
სიტყვის დასასრულს, პრეზიდენტმა გასული 2014 წელი გაიხსენა, რომელიც ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობით გამოირჩეოდა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გასული წლის სტატისტიკა წელს აღარ განმეორდება.
„მინდა ხაზი გავუსვა ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც არა მარტო პოლიციას, არამედ მთელ საზოგადოებას გვიპირისპირდება. 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ ამის ახსნა გვიჭირს დღეს იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენს ბუნებაში, ეს არ არის ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად და ფსიქოლოგიის სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით შეძლებენ და აი, ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან. ამიტომ 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად და დარწმუნებული ვარ, რომ ის კატასტროფული სტატისტიკა, რაც 2014 წელს გქონდა, წელს აღარ განმეორდება. მინდა მადლობა გითხრათ ყველას სამსახურისთვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების სახელით. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები