პრეზიდენტის ინიციატივით საარჩევნო საკითხებზე კონფერენცია იმართება
დღეს ტარდება კონფერენცია, რომლის მიზანია კიდევ უფრო მეტი გაერთიანებისკენ მისვლა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის ირგვლივ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მისი ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
კონფერენცია პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საარჩევნო საკითხების შესახებ იმართება და მთავარი თემა სამართლიანი საარჩევნო სისტემის არსებობის აუცილებლობაა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ზემოაღნიშნული საკითხის მიმართ საზოგადოებაში აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს.
“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სამართლიან საარჩვნო სისტემას. ეს არის ის თემა, რომლის ირგვლივაც საზოგადობაში არსებობს არნახული, უპრეცენდენტო კონსენსუსი. პრაქტიკულად ყველა პარტიას და ყველა პოლიტიკურ ძალას ამ საკითხის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე დაფიქსირებული აქვს სისტემის შეცვლისა და უფრო სამართლიანი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით მხარდაჭერა. მინდა საზოგადოებას გავახსენო ამ გრძელი პროცესის მოკლე ისტორია. პირველ როგში, კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელი პოლიტიკური ძალების გრძელი ბრძოლა მინდა გავიხსენო, სადაც “ფორუმი”, “კონსერვატორები”, “რესპუბლიკელები” წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად იბრძოდნენ უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ამ ბრძოლაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ასევე პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებიც. ისინი ხშირად რადიკალური ზომებითაც კი – შიმშილობის დონეზეც იცავდნენ დემოკრატიის ამ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას, რასაც სამართლიანი საარჩევნო სისტემა ჰქვია. “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაც იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ, უსამართლოს უწოდებდა და ბუნებრივია, მის პროგრამაში განსაზღვრულია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება. ფაქტობრივად, ყველა პარტია, მათ შორის “თავისუფალი დემოკრატებიც”, რომლებიც დღეს ცალკე არიან, ამას უჭერენ მხარს. დღეს “ნაციონალური მოძრაობაც” შეუერთდა ამ სისტემის შეცვლის საჭიროებას. ასევე, ამ პროცესში აქტიური როლი ითამაშეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეგიდით დღეს ტარდება კონფერენცია, რომლის მიზანია კიდევ უფრო მეტი გაერთიანებისკენ მისვლა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის ირგვლივ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.