სოსო ჯაჭვლიანი: ევროპა გვეღადავება – სასტვენები გვაჩუქეს, ჩაჰბერეთ და ისიამოვნეთო

„ევროპა აშკარად გვეღადავება, – უვიზო რეჟიმის მაგივრად ხის სასტვენები გვაჩუქეს“ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მინსკში გამართულ სამიტს. როგორც სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მინსკის სამიტმა ცხადყო, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. დეპუტატას მიაჩნია, რომ რიგის სამიტის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს პატრონი არავინ არ არის.
„ევროპა აშკარად გვეღადავება – უვიზო რეჟიმის მაგივრად ხის სასტვენები გვაჩუქეს. ჩაჰბერეთ და ისიამოვნეთო, არადა, ამ ღადაობა-ღადაობაში ქვეყანა თავზე გვემხობა. რიგის სამიტზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი პატრონი არავინ არის და საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ უნდა გვქონდეს, დიახ, თუ არ გამოვფხიზლდით და საკუთარ თავს თავად არ მივხედეთ, ვერც რიგის სამიტი, ვერც ვაშინგტონის სამიტი და ვერც მოსკოვის სამიტი ვერაფერს გვიშველის.
ხომ ხედავთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი კერი პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა და ყირიმის ანექსიაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ ევროპასაც და ამერიკასაც რუსეთის შიში და რიდი აქვთ. აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და საგარეო პოლიტიკაში ისეთი ბალანსი უნდა დავიჭიროთ, რომ ეს ჩვენი პატარა ქვეყანა თავზე არ ჩამოგვემხოს“, – ამბობს დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები