მსოფლიო ბანკი საქართველოს 120 მილიონ დოლარს გამოუყოფს
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოს 120 მილიონი დოლარი გამოეყოფა – აღნიშნული გადაწყვეტილება, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, ჰენრი კერალს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეფუძნება.
საქართველოსთვის გამოყოფილი 120 მილიონი დოლარი კი ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის დაფინანსებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიებას, აღნიშნული ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად, ასევე, საფინანსო სექტორის განვითარებასა და ექსპორტის შესაძლებლობების ზრდას.
ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების მიზანი კი, სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური კონტროლის გაძლიერება, ბიუჯეტის დაგეგმვის და სამოქალაქო სერვისების სისტემის რეფორმის გაუმჯობესება, ასევე, სოციალური ხარჯების ეფექტურობის უზრუნველყოფაა.
როგორც ნიდარ ხადურმა აღნიშნა, ზემოაღნიშნული ღონისძიებები, ორივე მიმართულებით, უკვე ხორციელდება.
“დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები მოხმარდება საჯარო და კერძო სექტორებში მიმდინარე რეფორმებს. ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია, შესაბამისად, ეს თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თქვენ იცით, რომ ხორციელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის, ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, შესყიდვების სისტემის სრულყოფის მიმართულებით და ა.შ. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას, რათა აღნიშნული რეფორმები წარმატებით განხორციელდეს,“ – განაცხადა ხადურმა.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, ჰენრი კერალი კი აღნიშნავს, რომ ინკლუზიური ზრდის პროგრამული ღონისძიება მთავრობას დახმარებას უწევს სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და ფისკალურ მართვაში.
“ინკლუზიური ზრდის პროგრამული ღონისძიება მთავრობას დახმარებას უწევს სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და ფისკალურ მართვაში, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად ინკლუზიური გახდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი აისახოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული ღონისძიება კი გულისხმობს სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რადგან სწორედ კერძო სექტორი უნდა იქცეს დასაქმების ძირითად წყაროდ და ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად,“ – განაცხადა კერალიმ.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიალზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძეც იმყოფებოდა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკთან მიღწეული შედეგი, როგორც ინვესტორთა საბჭოს შექმნას, ასევე, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მეტად აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შედეგს, რომლის საფუძველზეც ბევრ სფეროში საქართველოსთვის ხელსაყრელი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ. ეს მოიცავს როგორც ინვესტორთა საბჭოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის ჩარჩო კანონმდებლობის შექმნას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მუშავდება დეპოზიტების დაზღვევის შესახებ, ასევე კაპიტალის ბაზრის შესახებ კანონმდებლობები, ხდება სტანდარტიზაციისა და აკრედიტაციის სფეროში არსებული კანონმდებლობის დახვეწა, შექმნილია ინოვაციების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ, რათა ერთის მხრივ, საქართველოში დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, მეორეს მხრივ, შეიქმნას ახალი საწარმოები, რომლებიც ხელს შეიწყობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და დასაქმებას,“ – აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.
ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტები თანხვედრაშია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის 2014-2017 წლების სტრატეგიასთან და შეესაბამება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“.