ზვიად ძიძიგური: საქართველო რიგის სამიტიდან პოზიტივსა და მხარდაჭერას ელის

„საქართველო რიგის სამიტიდან პოზიტივსა და მხარდაჭერას ელის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

ძიძიგურის განცხადებით, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურდა. მისი თქმით, საქართველომ მოახერხა და 6 თვეში შესარულა ის ვალდებულებები, რაც კოლეგა ქვეყნების წინაშე აღებული ჰქონდა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში რიგაში მეოთხე სამიტი იმართება. ამ სამიტზე საქართველო ექვსივე ქვეყანას შორის ჩადის, როგორც ლიდერი ქვეყანა. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა. წარმოდგენილია, თუ ვინ როგორ შეასრულა ევროკავშირთან დაახლოების პროგრამები. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 6 ქვეყანას შორის ლიდერი საქართველოა, რადგან საქართველომ მოახერხა და 6 თვეში შეასრულა ის ვალდებულებები, რისთვისაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში გაწევრიანებულ ჩვენს კოლეგებს, სხვა სახელმწიფოებს, ერთი ან ორი წელი დასჭირდათ.

საქართველო ღონივრად მიდის რიგის სამიტზე, ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი გვიჭერს მხარს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის დაჩქარებული რეჟიმი მიეცეს. ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენი კოლეგები – ყველანი არიან მოწადინებულნი, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთსაც ვიზა- ლიბერალიზაციის მიმართულებით დახმარება გაუწიონ. ჩვენ რიგის სამიტზე პოზიტივს ველოდებით, მაგრამ ეს რამდენად დააჩქარებს, ეს ყველაფერი 22 მაისს მისაღებ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

ევროკავშირთან დაახლოება მნიშვნელოვანია პარტიული ინტეგრაციის კუთხითაც. მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული პარტიების ალიანსი ევროპარლამენტის ფრაქციებთან და ევროპულ პარტიებთან ძალზე მნიშვნელოვანია.

„საქართველოში ყველამ იცის ევროპის სახალხო პარტია, რომლებთანაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ალიანსშია და რომლებთანაც მეგობრობენ. „ალდე“, სადაც არიან გაწევრიანებულები „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, არის ევროპარლამენტში „კონსერვატორი რეფორმატორების ფრაქცია“. ეს არის ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ფრაქცია და ჩვენ – საქართველოს „კონსერვატორები“ ამ ალიანსის წევრები ვართ. ხვალ ემთხვევა და კონსერვატორების“ ბორდის არჩევნები ტარდება ინგლისის ქალაქ ვინჩესტერში, სადაც „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დელეგატები გააგზავნა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს პარტიები ევროპარლამენტში ძალიან გავლენიანი პარტიები არიან და მათ შეუძლიათ ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენს სასარგებლოდ სერიოზული სიტყვა თქვან. დარწმუნებული ვარ, „კონსერვატორები“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერები გახდებიან იმისა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში შეღავათები მოიპოვოს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები