საქსტატი: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იკლო
წელს, ბოლო 4 თვის მონაცემებით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 პროცენტით დაიკლო, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსსამსახური აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2326 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.
უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 838 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 206 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 632 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი).
ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში 32 პროცენტი). ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აპრილში 897 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 250 მლნ. აშშ დოლარი (51 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 647 მლნ. აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 34, 55 და 27 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში 10 პროცენტი).