გიორგი ქადაგიძე: ლარის კიდევ უფრო გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს
ლარის გაუფასურების საკითხზე მსჯელობდნენ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის მინისტრები და ბიზნესომბუდსმენი პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრა პარლამენტში გუშინ, გვიან ღამით დასრულდა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტი არც მომავალში მოახდენს ხარჯვითი ნაწილის მეშვეობით გაცვლით კურსზე ზეგავლენას. მისივე თქმით, ბიუჯეტის კორექტირება დღის წესრიგში დადგება, თუმცა ეს არ შეეხებათ სოციალურ პროექტებს.
“ბიუჯეტი არც მომავალში არ მოახდენს ხარჯვითი ნაწილის მეშვეობით გაცვლით კურსზე ზეგავლენას. მაკროეკონომიკური პარამეტრების კორექტირების შემდეგ თავისთავად ცხადია, დღის წესრიგში დადგება ბიუჯეტის კორექტირება, თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ შეეხება სოციალურ ხარჯებს და, ამავე დროს, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებითი დაფინანსების ხარჯზე, გავზარდოთ ინფრასტრუქტურული პროექტები”,- განაცხადა ხადურმა შეხვედრაზე.
საუბარი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით საშუალოვადიან გეგმებს შეეხო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ლარის კიდევ უფრო გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს.
“ძირითადად, საუბარი საშუალოვადიან გეგმებს შეეხო. რაც შეეხება კურსს, აღნიშნულმა გაუფასურებამ უკვე მოახდინა გავლენა იმპორტზე. შესაბამისად, ამოიწურა ის დანაკლისი, რაც გვქონდა და ლარის კურსს ახლა გამყარების მიმართულება აქვს. საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ველოდებით ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას”, – განაცხადა ქადაგიძემ.