„ლექსს ვამბობდით, თავჩაღუნული… და ლექსის ბოლოს უცებ ,,დააძრობდი'' ენძელას”

  საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე იხსენებს, თუ როგორ ულოცავდა საბავშვო ბაღში გოგონებს ქალთა დღეს, თუმცა საყვარელი გოგონასთვის მილოცვა ყოველთვის რცხვენოდა. გიორგი კეკელიძე ბავშვობის სიყვარულს ფეისბუქის პირადი გვერდიდან ქალთა დღეს ახლა ლექსით ულოცავს.
„ჰოდა, აი, სარვამარტოდ, მაშინ ხომ ასე უნდა მოგველოცა: საბავშვო ბაღში, მასწავლებლის ინსტრუქციით, ხელში ენძელა გვეჭირა და ხელები აუცილებლად ზურგსუკან გვქონდა და რაღაც ლექსს ვამბობდით, თავჩაღუნული, რაც შეიძლება სწრაფად და ლამის ყვირილით. და ლექსის ბოლოს უცებ ,,დააძრობდი” ენძელას. მე რომ გოგო მიყვარდა, ქრისტინა მირიანაშვილი, იმისთვის თქმა ყოველთვის მრცხვენოდა და სულ სხვა გოგოს ვეუბნებოდი. ახლა არც ის ლექსები მახსოვს და არც ის გოგო ვიცი, სად არის, ჰოდა ჩემსას გავუგზავნი, თუ იპოვოთ, მიაწოდეთ – გოგონას, რომელიც ბაღში მიყვარდა – შენ ცხოვრობ სოფლის სიახლოვეს, სხვა ქარებს იტევ, იცვლი სამოსებს – დღის და ღამის – ძველ სავარძელზე. ხან დღე მოკლე გაქვს და სიფხიზლის მოძენძილ სვიტერს სხვა ფერის ძაფით – ლამფის შუქით ქსოვ და აგრძელებ. ხანდახან ღამე არ გეტევა, კისერში გიჭერს, და გინდა მთვარის ნარღვევიდან კისერი გაყო, რადგან სიზმრების აცხადების გაფლანგე ნიჭი, და ყავის ჭიქის ბილიკები გახადე სამყო – არცერთმა ვიცით, როდის ვნახავთ ერთმანეთს, რადგან ვერ გავთვლით, დღე და ღამე როდის შემოგვერღვევა – როცა ორივე აღმოვჩნდებით იმ ბაღის კართან, რომელსაც ალბათ არ ერქმევა საბავშვო ბაღი, ანდა რა იცი, შეიძლება ასეც ერქმევა”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები