პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება
პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 20-23 მაისს, “ექსპო ჯორჯია”-ს საგამოფენო სივრცეში ჩატარდება “Caucasus Build 2015”-ის საერთაშორისო ბაზრობა, სადაც სხვა მწარმოებლებს შორის წარმოდგენილი იქნება სსიპ “მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” ბენეფიციარი, კომპანია “ჯი-არ-სი”.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია “ჯი-არ-სიმ” პროექტის “აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით დაიწყო დათბუნებული პანელების წარმოება, რაც მსოფლიოში მეტად გავრცელებულ ტექნოლოგიას წარმოადგენს და ხელმისაწვდომი ფასით და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობები. “Caucasus Build 2015”-ის ფარგლებში კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს მთელი საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, მოახდინონ პროდუქციის პრეზენტაცია, რაც მათი პროდუქციის რეალიზაციას ხელს შეუწყობს.