FINANCIAL TIMES: საქართველოს მოლოდინი იმედგაცრუებამ შეცვალა

გავლენიან ბრიტანულ გაზეთ FINANCIAL TIMES-ში ჟურნალისტ ნეილ ბაკლის ავტორობით საქართველოზე სტატია გამოქვეყნდა სახელწოდებით -„ევროპასთან მიმართებით საქართველოს მოლოდინი, იმედგაცრუებამ შეცვალა“.
სტატიაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა, და არა მხოლოდ ეს გეგმა, შეფერხდა.
„თბილისი იმედოვნებდა, რომ ამ კვირაში, რიგის სამიტზე, ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას იზეიმებდა, თუმცა ეს გეგმა, როგორც საქართველოს ხელისუფლება ეჭვობს, პოლიტიკური მიზეზების გამო, შეფერხდა.
მას შემდეგ, რაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რიგით მოქალაქეებზე ეს დიდად არ აისახა. ვიზა – ლიბერალიზაციის სიკეთე კი ყველას უნდა შეხებოდა“, – წერს სტატიის ავტორი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ციტატა მოჰყავს:
„რაც მე ვისწავლე მსოფლიო პოლიტიკაში, ეს არის ის, რომ რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ნაკლები უფლება აქვს მას იმედგაცრუების, ასე რომ სიტყვა „იმედგაცრუება“ ჩვენი ლექსიკიდან უნდა წავშალოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამწვავებამდე.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეკონომიკური პროცესების შენელების ფონზე, რაც ნაწილობრივ მეზობელი რუსეთის რეცესიამ (ეკონომიკურმა ვარდნამ) გამოიწვია, საქართველო იმედგაცრუებამ მოიცვა. ეს კი გაღებული კარია იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი გავლენა გააძლიეროს. ამასთან ერთად, FINANCIAL TIMES-ის სტატიაში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგის ის ნაწილიცაა მოყვანილი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 31% ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ევროპასთან ინტეგრაციას უჭერს მხარს, აღსანიშნავია, რომ პრორუსულ ორგანიზაციაში გაერთიანების მომხრე წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია“, – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტის ხელმძღვანელის ეკა მეტრეველის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპამ რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის მცდელობა დაუფასდეს.
„ჩვენ ევროპისგან კონკრეტული გადაწყვეტილება გვჭირდება, რომელიც იქნება დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი ხდება, რუსეთი კი აქვეა. რუსული რბილი ძალები უფრო და უფრო მყარდება, პროპაგანდა კი ძლიერდება“, – განაცხადა ეკა მეტრეველმა FINANCIAL TIMES-თან ინტერვიუში.
სტატიაში ასევე რუსეთის ბაზარზე საქართველოდან რამდენიმე პროდუქტის გატანაზეა საუბარი. როგორც სტატიის ავტორი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ეკონომიკაზე დიდი გავლენა არ ჰქონია, ქართველ ფერმერებს ევროკავშირის ბაზარს რუსეთის ბაზარი ურჩევნიათ.
ანალიტიკურ ნაშრომში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში რუსული ტელეკომპანიების არსებობა დაუშვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ საქართველოში აკრძალული იყო.
„პრორუსული ორგანიზაციების ხმა, მოსაზრებები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ჩუმად იყვნენ, ქართულ მედიაში ახლა აქტიურად ისმის. რუსეთი უფრო ძლიერ ძალასაც იყენებს. ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა, რითიც ანექსიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. პრორუსული ძალები ამ სიტუაციაში საქართველოსთვის ერთადერთ შანსს ხედავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად ქვეყანა ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუდნეს“, – ნათქვანია სტატიაში.

წყარო: “ნიუსპრესი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები