ვარძიის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანას იუნესკოს ექსპერტი ხელმძღვანელობს
რამდენიმე კვირაში ისტორიულ ჯავახეთში ვარძიის კომპლექსის გადარჩენის პროგრამა განახლდება. ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, კლდეში ნაკვეთი ქალაქის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საერთაშორისო ინსტიტუტების გარდა, ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციები გააერთიანა, რომელსაც საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი და იუნესკოს ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს.
„ექსპერტმა კლაუდიო მარგოტინიმ ქართველ კოლეგებთან ერთად გასულ წელს ვარძიაში ჩატარებული მრავალკომპონენტიანი კვლევის შედეგები დეტალურად განიხილა“,- წერს გაზეთი.
მათივე ცნობით, ვარძიის კომპლექსს უკანასკნელი წლების განმავლობაში მწვავე პრობლემები შეექმნა. კერძოდ კი, ძეგლზე უფრო ინტენსიური გახდა ქვათა ცვენა, რაც დამთვალიერებლისთვისაც საკმაოდ სახიფათოა. „სწორედ ამ პრობლემის გათვალისწინებით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ ვარძიის მრავალფეროვანი სამუშაოების გეგმა შეიმუშავა, რაც სამომავლოდ ძეგლზე არსებული პრობლემების გადაწყვეტას ხელს შეუწყობს“,- წერს გაზეთი.