საქართველო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ყოველწლიურ ბიზნესფორუმს მასპინძლობს (ფოტოკოლაჟი)

14-15 მაისს, თბილისში, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი იმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე მსოფლიო დონის ბიზნესმენი სტუმრობს.
14 მაისს, რუსთაველის თეატრის შენობაში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, EBRD-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, EBRD-ის გენერალური მდივანი, ბანკის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი.
„რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა, საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები”, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„მე დიდი სიამოვნებით მოგესალმებით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ულამაზეს ქალაქ თბილისში. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ადგილი, სადაც ვატარებთ ამ ღონისძიებას, რუსთაველის თეატრში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს შესანიშნავ გუნდს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის უნარიანი ხელმძღვანელობით. საქართველოს აქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც მან გაიარა ტრანსფორმაციის გზაზე, მაგრამ შეინარჩუნა თავისი კულტურის მდგრადობა. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც უკვე 25 წელია ვითარდება, შეიძლება ითქვას, მას აქვს გრძელვადიანი ხედვა და მოწადინება. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც მან უკვე მიაღწია. თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ”, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ.
დღესვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის – საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესია გაიმართა, რომელიც საერთაშორისო ფორუმის განუყოფელი ინსტიტუციური ნაწილია. სესიის დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო მიმოხილვის სესიის მუშაობაში, ფორუმის დელეგატებთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები. სესიაზე მიიღება საკვანძო გადაწყვეტილებები ბანკის სამომავლო საქმიანობასა და პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით. გარდა ამისა, 14 და 15 მაისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და დელეგაციის წევრებს შორის.
12 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს. 15-წევრიან ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი და კერძო სექტორის განვითარების სფეროში აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები იქნებიან.
ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ევრობანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საინვესტიციო პროექტები იყო. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ბიზნესგარემოს, ჩვენი ქვეყნის მიღწევებისა და რეფორმების პროცესში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ხაზი გაესვა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. აღინიშნა ის ხელსაყრელი გარემო, რომელიც დღეს არის საქართველოში ინვესტორების მოზიდვისათვის, მათ შორის, პოლიტიკური სტაბილურობა, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე, ბიზნესისათვის მარტივი პირობები, ძლიერი საბანკო სისტემა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და თურქეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების საკითხი.
ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრების და ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პარლამენტის შენობაში იმართება, რისთვისაც პარლამენტის ეზოში ოთხი დროებითი ნაგებობა აშენდა მედიაცენტრის, ბრიფინგების ოთახისა და საკონფერენციო დარბაზების მოსაწყობად. შეხვედრები იმართება, ასევე, პარლამენტის სხვადასხვა დარბაზსა და სივრცეებში, რომლებიც უახლესი საკომუნიკაციო სისტემებითა და საოფისე ინვენტარით არის აღჭურვილი. ასევე, მიმდინარე საქმიანი შეხვედრების პარალელურად, პარლამენტში გამოფენილია ქართული პროდუქცია. გამოფენა სპეციალურად EBRD-ის ღონისძიებებისთვის მოეწყო.

d2818c0039b5d749d4aa36096ba042f5_32196

2

3

4

5

6

1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები