გიორგი კვირიკაშვილი, EBRD-ის ფორუმის ფარგლებში, შვეიცარიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის შვეიცარელ კოლეგასთან, იოჰან შნაიდერ-ამანთან.
როგორც “კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. საქართველო და შვეიცარიის კონფედერაცია აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მიმდინარეობს თანამშრომლობა ტექნიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ხელმოწერილია 10-მდე შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ეკონომიკა, ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული საკითხები, რეადმისია, საჰაერო მიმოსვლა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება და ა.შ.
პერსპექტიულ მიმართულებებად განიხილება ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ფუნქციონირებს საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია და პერიოდულად იმართება ერთობლივი ბიზნესფორუმები. აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის.
,,შვეიცარიას ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს საქართველოსთვის და ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი და კარგი ურთიერთობები. ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. განსაკუთრებით დიდი ინტერესია სოფლის, რეგიონების განვითარების მიმართულებით. მათ გამოთქვეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ამ მიმართლებით. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, სასოფლო სამეურნეო წარმოების ევროპულ სტანდარტებამდე აყვანის კუთხით. შემოგვთავაზეს დახმარება იმ სპეციალური პროგრამების მიმართულების, რაც ეხება მთიანი რეგიონების განვითარებას, მთაში და სოფლად მოსახლეობის დამაგრების ინიციატივებს. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და უახლოეს პერიოდში შედგება უკვე სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება ყველა ამ მიმართულებით. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ინვესტორები შვეიცარიიდან და გამოითქვა ასევე ინტერესი ამ ინვესტიციების გაფართოებაზე. მაგალითად, შვეიცარიელი ინვესტორი რაჭაში, რომელიც მცირე მეურნეობებთან ერთად ავითარებს კოოპერაციულ, სასოფლო–სამეურნეო მოდელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ამ ბიზნესში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა.
„ტურიზმი არის შვეიცარიასა და საქართველოს შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მთიანი რეგიონების, სამთო–სათხილამურო კურორტების განვითარების თემაზე. აღმოჩნდა, რომ ბატონი იოჰან შნაიდერ-ამანი თავად არის საკმაოდ კონკრეტულად ინფორმირებული და დაინტერესებული ამ მიმართულებით. ჩვენ ამ კუთხით შვეიცარიასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვექნება,‘’- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შვეიცარია არის ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი სახელმწიფო. 2012 წლის 28 ივნისს, ქ. გშტაადში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას EFTA-ს წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის. 2014 წლის 29 სექტემბერს ჟენევაში გაიმართა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ შეთავაზებული იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მიერ 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. 2015 წლის 4 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, ივნისის თვისთვის კი გაიცვლება შეთანხმების ტექსტი. მოლაპარაკებები ოთხ რაუნდად წარიმართება და დაახლოებით ერთი წლის ვადაში დასრულდება. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 75.22 მლნ. აშშ დოლარი, რაც 22%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტი გაიზარდა 348%-ით და 14.64 მლნ. აშშ შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 4%-ით და 60.58 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები