კახა კალაძე ლარზე: ნუ ქმნით მიზანმიმართულ რაღაც ქაოსს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რათა უახლოეს მომავალში ლარის გამყარება დაიწყოს.
ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ ქმნიან ქაოსს, რადგან ეს კიდევ უფრო დარტყმას აყენებს ეროვნულ ვალუტას.
„დღეს მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყო ლარის კურსის დასტაბილურება და ნუ ქმნით მიზანმიმართულ რაღაც ქაოსს. ეს კიდევ უფრო დარტყმას აყენებს და იწვევს ლარის გაუფასურებას. ყველაინირი საფუძველი არსებობს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის გამყარება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები არის ამოწურული და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში”, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება, მოკლევადიან მერყეობებს და იმ გაუფასურებებს, რომელსაც ადგილი აქვს, გიორგი ქადაგიძის თქმით, მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3617 ლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები