“განწყობილნი ვართ გავაგრძელოთ რეფორმები, რათა ვუპასუხოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს“

საქართველო გახლავთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ამ სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანა იმ მაღალი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას თავისი უნიკალური ბუნებრივი პირობების გამო აქვს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესისთვის ქვეყანაში არის კარგი შესაძლებლობა წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებისათვის.
“ამას ისიც ემატება, რომ ევროპის ბაზარი გაიხსნა ქართული წარმოების პროდუქციისათვის, და მთლიანად, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავიდეთ 900-მილიონიან ბაზარზე”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ტურისტული ბიზნესის განვითარება. პრემიერის თქმით, ბოლო წლებში შეიმჩნევა ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომლებსაც საქართველო იზიდავს თავისი უნიკალური ბუნებით და ღირსშესანიშნაობებით. “მიუხედავად მიღწევებისა, ჩვენ განწყობილი ვართ გავაგრძელოთ რეფორმები, რათა ვუპასუხოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს და დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური განვითარება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი საქართველოში 14-15 მაისს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები