პრემიერ-მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრის მთავარი თემები, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და საქართველო-გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.
მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რიგის სამიტის წინ მათ ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
“გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარებას. მიმაჩნია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მე ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, სადაც მქონდა ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრები, კანცლერ მერკელთან, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია; 2014 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი რესურსი, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 650-მდე მილიონ ევროს შეადგენს. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები