„არავის გამოუვა, პარლამენტის მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულება მაჟორიტარებზე გადატეხოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა. ქუცნაშვილის თქმით, 12 მაჟორიტარულ ოლქი ჩატარებული გამოკითხვა, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მისი რაიონის მაჟორიტას არ იცნობს, საერთო სურათს არ ასახავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არა 12, არამედ 73 მაჟორიტარი ჰყავს. დეპუტატი ეჭვობს, რომ გარკვეულ ჯგუფებს სურთ მოსახლეობის კრიტიკული დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ, მაჟორიტარებზე გადატეხონ.

„ NDI-ის კვლევის არეალი საქართველოს 12 საარჩევნო ოლქს არ სცილდება. საქართველოში კი 73 მაჟორიტარი გვყავს. ამიტომაც საკითხავია 12 საარჩევნო ოლქში ჩატარებული გამოკითხვა რამდენად ვალიდურია. პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებს ვინ იცნობს? ის ამომრჩეველი შეძლებს, ჩამოთვალოს პროპორციული სიით არჩეული ადამიანები? გამოკითხვის არეალი საკითხის განზოგადების უფლებას არ მაძლევს. იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ უფრო ახლოს არის ამომრჩეველთან, მაჟორიტარი თუ პროპორციული სიით არჩეული ადამიანი, მაშინ მოსახლეობას უნდა ვკითხოთ ისიც, თუ რამდენად იცნობენ ისინი პროპორციული სიით არჩეულ პარლამენტარებს. რაც არ უნდა ეცადონ, არავის გამოუვა პარლამენტის მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულება მაჟორიტარებზე გადატეხოს“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა. რაც შეეხება კვლევების მიხედვით ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას – უმუშევრობას, ქუცნაშვილის განცხადებით, უმუშევრობა და გაჭირვება ის მძიმე პრობლემაა, რომელიც დამოუკიდებელი ისტორიის 24-წლიანი პერიოდის მანძილზე შლეიფად მოყვება საქართველოს. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, დეპუტატის განცხადებით, ის მისთვის ყოველთვის იმ 3 მთავარ გამოწვევას შორის დარჩება, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. „ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, უმუშევრობა, გაჭირვება და დემოგრაფიული მდგომარეობა. ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა ლამის 2 მილიონით შემცირდა. რაც დემოგრაფიულ საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები