სასამართლომ თბილისის საკრებულოს მიერ 200 და 300-პროცენტიანი პრემიების გაცემის ოქმი ბათილად არ ცნო

თბილისის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ 2014 წლის ივისში, 200 და 300- პროცენტიანი პრემიების გაცემის შესახებ ოქმი სასამართომ ბათილად არ ცნო, – ამის შესახებ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკის და სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ამირან გიგუაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
უფლებადამცველი ამირან გიგუაშვილი და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც გიგუაშვილმა განაცხადა, სასამართლოს მოსაზრებით, უფლებადამცველ ორგანიზაციას, თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტით, რომლითაც საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირებზე განსაკუთრებით მაღალი პრემიები გაიცა, არავითარი ზიანი არ მიადგა და, შესაბამისად, უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლო დავის იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. „თითქმის ერთწლიანი განხილვისა და საქმის გაჭიანურების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 01 მაისს საოქმო განჩინებით შეწყვიტა საქმის წარმოება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკის და სამართლის ცენტრის“ ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვდა თბილისის საკრებულოს 2014 წლის 17 ივნისის #24 ოქმის ბათილად ცნობას, თბილისის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ 200 და 300- პროცენტიანი პრემიების გაცემის შესახებ. ქვეყანაში გრძელდება მავნე პრაქტიკა საჯარო მოხელეებზე შეუსაბამოდ მაღალი პრემიების გაცემის შესახებ, ცხადია, რომ უფლებადამცველ ორგანიზაციას გააჩნია სრულიად ლეგიტიმური ინტერესი სასამართლო გზით დაადასტუროს ასეთი პრემიების გაცემის უკანონობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის აშკარა გაჭიანურება და შემდეგ კი წარმოების უკანონოდ შეწყვეტა აჩენს დასაბუთებულ ეჭვს მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
„პოლიტიკის და სამართლის ცენტრი“ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სააპელაციო წესით და იტოვებს იმედს, რომ ზემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული იქნება კანონიერი გადაწყვეტილება, რათა შეიქმნას სასამართლო პრეცედენტი მაღალი თანამდებობის პირებზე შეუსაბამოდ მაღალი პრემირებისა და სახელფასო დანამატების უკანონოდ აღიარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ხელმოწერილი განკარგულებით 2014 წლის 17 ივნისს თბილისის საკრებულოს დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებზე (სულ 243 ადამიანი) 300 და 200- პროცენტიანი პრემიები გაიცა. სწორედ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრდა უფლებადამცველი ორგანიზაციის პოლიტიკის და სამართლის ცენტრის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა თითქმის ერთწლიანი, გაჭიანურებული სასამართლო განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე ლელა ცანავამ საჩივარი დაუშვებლად ცნო, იურიდიული (საჯარო) ინტერესის არ არსებობის მოტივით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები