„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ანალოგი აღარ განმეორდეს“

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ანალოგი აღარ განმეორდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ საჭიროა, ამ მიმართულებით კანონში რაიმე გამკაცრდეს, პარლამენტი ამისთვის მზად არის. „სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება ხოლმე იმის საფუძველი, რომ ცოტა უფრო მეტი ვიფიქროთ იგივე უსაფრთხოების საკითხებზე. იქნება ეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მშენებლობის ნებართვები, სამშენებლო წესები, თუ სხვა. ძალიან მძიმე ფაქტია. უდანაშაულო ბავშვები ემსხვერპლნენ დაუდევრობას. გამოძიება სჭირდება ამას და შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. განსაკუთრებით საჭიროა კონტროლი ტურისტულ ზონაში, სადაც ზაფხულობით ადამიანთა ნაკადი დიდია“, – განაცხადა კობახიძემ „პირველ“ პრესკლუბში.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს ამ ფაქტის შემდეგ პარლამენტი გარკვეული რეგულაციების შემოღებას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ასეთი ფაქტები ზოგჯერ სიტუაციის ანალიზის საშუალებას იძლევა. „იცით, რომ ჩვეულებრივ სასტუმროებში აუცილებელია ხანძარსაწინააღდმეგო ზომების დაცვა. ხშირად კი კერძო ტიპის სასტუმროებში ეს წესები დაცული არაა ხოლმე. ამ მიმართულებით ალბათ საჭიროა კანონის შემოღება. თუ საჭიროა კანონში ამ მიმართულებით რამე გავამკაცროთ, ბუნებრივია, ამისთვის მზად ვართ. სიამრთლე რომ გითხრათ, ამ ინიციატივაზე ჯერ არ გვიფიქრია, მაგრამ ვიფიქრეთ იმაზე, რომ კონტროლი სადღაც მოისუსტებდა და საწუხაროდ ამიტომ მოხდა ეს ფაქტი. ჩვენ მზად ვართ რეგულაციების შემოღებაზე ვიმსჯელოთ, თუმცა მეორეა, რომ ეს უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 10 მაისს, გამთენიისას ქობულეთში სასტუმრო “არმაზი” დაიწვა. ხანძრის შედეგად 3 მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 10-დან 11 წლამდე ბავშვები არიან. დანარჩენი 45 ბავშვის გამოყვანა სასტუმროდან დროულად მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები