წიგნი-ალბომის „აჭარის საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში წიგნი-ალბომის „აჭარის საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა. „აჭარის საგაძური“ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარგლებში გამოიცა.
წიგნში ძირითადად წარმოდგენილია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დაცული ქვის, ბრინჯაოს, რკინის ხანის, ანტიკური და შუა საუკუნეების ეპოქების არტეფაქტები, რომლებიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.
მათ შორის უძველესი ნიმუშები ქვის ხანით თარიღდება. წიგნში ისტორიულთან ერთად, ასახულია XIX-XX საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც აჭარის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ქრონოლოგიური თანამიმდევრობით წარმოდგენილი 250-ზე მეტი ექსპონატი 5 თემატურ ნაწილად იყოფა. თითოეული ნივთი ასახულია ფოტოზე, თან ახლავს დეტალური დახასიათება: აღწერილობა, დათარიღება, მითითებულია აღმოჩენის ადგილი. ასევე თითოეულ ნაწილში მოცემულია ეპოქის მიმოხილვა. წიგნი სულ 199 გვერდისგან შედგება. წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა ამირან კახიძემ და წიგნის ავტორებმა. პრეზენტაციას ესწრებოდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები