გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ დღეს განუცხადა.
მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მონაცემებია.
“წინასწარი მაჩვენებლებით იმპორტი არის მნიშვნელოვნად შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებულმა გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტის შემცირებაზე. შესაბამისად, დაწყებულია საგადამხდელო ბალანსის კორექტირება, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოვადიან პერიოდში, კურსზე გაუფასურების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ყოველთვის იყო და იქნება ორივე მიმართულებით”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოეხმაურა გუშინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ლარის გაცვლით კურსზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება.
აღნიშნულის შესახებ ქადაგიძემ აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს. “თუ გვაქვს მეტი სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გამყარების მიმართულება. თუ გვაქვს ნაკლები სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გაუფასურების მიმართულება. ეს არის ეკონომიკის ანბანური ჭეშმარიტება”, – განაცხადა ქადაგიძემ.