ფოტოგამოფენა – „ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“
10 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტი „ერთად შევეგებოთ ევროპას“ და საქართველოს ეროვნული არქივი, ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას გამართავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი 145 ფოტო მოგვითხრობს ისტორიას ადამიანებისა, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავდნენ. აქვე იხილავთ დასავლეთთან საქართველოს სამრეწველო პარტნიორობის ამსახველ ფოტოებს მიულსების ბელგიური ოჯახის ქართული ეპიზოდიდან. მე -20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ-პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მე-20 საუკუნის ფოტოები გადმოგვცემენ ურთიერთობების ისტორიას, რომელმაც დროს გაუძლო ცარიზმის, დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა ეპოქაში. მიუხედავად განსხვავებული მმართველობითი მოდელებისა და პოლიტიკური მდგომარეობისა დროთა განმავლობაში არ შეცვლილა ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი. გამოფენა 28 მაისამდე გაგრძელდება.