„საინვესტიციო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სტაბილური სატარიფო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა“

ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკამ გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური სატარიფო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ენერგეტიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ასევე, მისი თქმით, უფრო ეფექტიანი გახდება სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.
„ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პოტენციალი დაეფუძნება დამატებითი გენერაციის სიმძლავრეების შექმნას და საჭირო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამასთან, საინვესტიციო პოლიტიკამ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს სტაბილური სატარიფო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ენერგეტიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. უფრო ეფექტიანი გახდება სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება. ასევე, განხორციელდება ენერგოდამზოგი და ენერგოეფექტური პოლიტიკა, ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება კანონპროექტი“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მოწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.
„მზარდი და კონკურენტული ეკონომიკის პირობებში, ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა ენერგომატარებლების ხელმისაწვდომობა, ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენება, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეტაპობრივად ჩაანაცვლებს იმპორტს და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს“,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები