დავით ნარმანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დედაქალაქის მერიისგან ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულები – 700 ლარს მიიღებენ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან, 91 წლის რობერტ ზირაქიშვილთან სტუმრობისას განაცხადა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანია ვეტერანის ოჯახში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ნარმანიამ რობერტ ზირაქიშვილს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა და აცნობა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მას პირად ბარათზე 1000 ლარი დაერიცხება.
თბილისის მერის თქმით, გასულ წელს აღნიშნული თანხა ვეტერანებისთვის 400 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულებისთვის 200 ლარი იყო.
„ამ ადამიანებს განსაკუთრებული დამსახურება აქვთ სამშობლოს წინაშე. ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ აქტიურად ვიმუშავეთ, რომ ღირსეულად აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი და ამ ადამიანების ღვაწლი დავაფასოთ. გასულ წელს ფინანსური მხარდაჭერა 400 ლარი იყო, წელს ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზარდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
რობერტ ზირაქიშვილი 1924 წლის 16 აპრილს დაიბადა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. დავით ნარმანიამ ომის ვეტერანს მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები