გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემამ თვალშისაცემი პროგრესი განიცადა

2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების სისტემამ თვალშისაცემი პროგრესი განიცადა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულს როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აღიარებენ.
“უწყებისთვის პრიორიტეტად რჩება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება, გაუმჯობესებულია მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები, გაიზარდა მათი გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალებები და ფორმები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისტემაში არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ადამიანის უფლებთა შიდა მონიტორინგის გაძლიერებასა და სისტემის გამჭვირვალობისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩემ მიერ ინიცირებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოწესრიგდა და პრაქტიკაში დაინერგა თანამშრომლეთა მხრიდან სპეციალური საშუალებების პრაქტიკაში გამოყენების საკითხები. შემუშავებულია და უახლოეს დღეებში გამოიცემა დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის მოსაწესრიგებელი ბრძანება, რაც ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მათი მიზანია, რომ პენიტენციური სისტემა ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდეს, ამ მიზნით გაიმჯინება სამოქალაქო და სპეციალური თანამდებობები, დაინერგება თანამშრომელთა წინასწარი მომზადებისა და სერტიფიცირების წესი, მოწესრიგდება თანამშრომლეთა სტატუსთან, სოციალურ და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა. მისი თქმით, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა წარმატებულად განხორციელდა და ამასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ვგეგმავ პრობაციის სამინისტროს განვითარებას სხვადასხვა სახის არასაპატიმრო სასჯელთა ეფექტური გამოყენების თავლსაზრისით. პირველ ეტაპზე დაინერგება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რაც შინა პატიმრობის, როგორც სასჯელისა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ფართო გამოყენების შესაძლებელობას შექმნის. ყველამ ვიცით და ვთანხმდებით, რომ ეს არის ურთულესი სფერო, რიგი გამოწვევებით, მაგრამ დაგეგმილი გეგმაზომიერი პოლიტიკა, ჩვენი რეფორმა, სიახლეები და პროგრამები, რომლებიც სისტემაში ყოველდღიურად ინერგება, მაძლევს რწმენას, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის ძლიერი უწყება, რომელიც ახლო მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები