„შენ თვალწინ“- კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
„თი-ბი-სი“ ბანკის მიერ გამოცხადებული ვიდეოკონკურსის, „შენ თვალწინ“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ: პირველი ადგილის მფლობელი ნინი ხუროშვილი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი დაჩი იჩუანიძემ და თეონა სირაძემ დაიკავეს. ასევე გამოვლინდა ფეისბუქის ყველაზე მეტი „ლაიქების“ მქონე ვიდეო და ამ ნომინაციის გამარჯვებული ნიკა ლაბაძე გახდა.
ყველა გამარჯვებულს „თი-ბი-სი“ ბანკისგან ფულადი პრიზები გადაეცა. თანამედროვე ხელოვნების ინოვაციური კონკურისის მიზანი იყო ვიდეოხელოვნების მიმართულების განვითარება და ქართველი არტისტების საინტერესო ნამუშევრების წარმოჩენა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ვიდეოხელოვნებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეეძლო. საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 32 ვიდეო. მათგან გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ვატო წერეთელი – თანამედროვე ხელოვნების ცენტრის „CCA“ ხელმძღვანელი, ანე ლიზ სტენსეტი – ნორვეგიელი ვიდეოხელოვანი და თამარ კირვალიძე- „თი-ბი-სი“ ბანკის მედიაკომუნიკაციების და საგარეო ურთიერთობების დირექტორი. საუკეთესო ვიდეოები რუსთაველის №1-ში, „თი-ბი-სი“ ბანკის არტკედელზე ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.