ან ბრასორი: ვადასტურებთ ჩვენს მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასორი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს – აღნიშნული ან ბრასორიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროინტეგრაციული მიზნები აქვს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც ერთგვარი მონიტორინგი.
„ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ვხვდებით. საქართველოს დელეგაცია დიდ როლს ასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. საქართველოს აქვს ევროინტეგრაციული მიზნები, ამიტომ ასეთი ვიზიტი, მონიტორინგი, რომელსაც ვახორციელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკვირდებით სასამართლოსა და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს, ადამიანის უფლებათა საკითხებს, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ასევე ვადასტურებთ ჩვენს მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,-განაცხადა ბრასორიმ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასორი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ბრასორი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები