„ქადაგიძე ადეიშვილის კადრია, ვეჭვობ, რომ ის ლარის ამ მდგომარეობას შეგნებულად უწყობს ხელს“
„საზოგადოება 20/30“- ის წევრი მიხეილ დონდუა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ლარის კურის გაუფასურებას შესაძლოა, ერთგვარად ხელი შეუწყო.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ლარი მნიშვნელოვნად გაუჯობესებული იქნებოდა, ეროვნული ბანკის სათავეში რომ ქადაგიძე არ ყოფილიყო.
მიხეილ დონდუა საზოგადოებას ახსენებს,რომ ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის კადრია, რაც დონდუასთვის ბადებს ეჭვს, რომ ის ამ მდგომარეობას შეგნებულად უწყობს ხელს.
„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი რომ ქადაგიძე არ ყოფილიყო, ლარის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ის ადეიშვილის კადრია. ადეიშვილის კადრები არიან საბჭოშიც. რატომ უნდა ვენდოთ მას? ვეჭვობ, რომ ის ამ მდგომარეობას შეგნებულად უწყობს ხელს. ჩვენ გვახსოვს, მან რა მოქმედებები ჩაატარა 2012 წელს „ქართუს“ წინააღმდეგ. გვახსოვს მისი განცხადებები, როგორ მოექცნენ „სტანდარტ ბანკს“ , რა ეჭვები არსებობს „სახალხო ბანკის“ წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს, როგორ შეიძლება გაკეთილშობილდეს ადამიანი. მის მიმართ მმართველ გუნდს სრული უნდობლობა აქვს. პროცესები არ არის გამჭვირვალე და არ ვიცით, არის თუ არა სპეკულაციური შეტევები ლარზე. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ამას დავაკვირდეთ. უბრალოდ უნდა ვენდოთ სიტყვაზე. ამ პროცესის კონტროლის მექანიზმი კანონმდებლობით არ არსებობს“.- განაცხადა მიხეილ დონდუამ.