სადაზღვევო კომპანია ,,არდი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სადაზღვევო კომპანია ,,არდი“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თემურ ხომერიკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მას გაუგებარს უწოდებს.
“არდის“ წარმომადგენლების მტკიცებით, ხომერიკის დღევანდელი განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობას, რადგან სამივე კომპანიაზე მათ მიერ მოთხოვნილ საბუთებში ფიქსირდება არა 9,5 მილიონი ლარი, როგორც ამას ხომერიკი ტირაჟირებს, არამედ 4 მილიონ 900 ათასი ლარი.
“ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები შესყიდვების სფეროში გამოვლენილი არაპროფესიონალიზმის გამართლებას კერძო კომპანიებზე გადაბრალებით ცდილობენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა, რასაც უკვე სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალი პირები და არასამთავრობო სექტორიც ღიად აფიქსირებს.
სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ 32 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აქვს ანაზღაურებული, თუმცა ჩვენი კომპანია არ ერიდება სახელმწიფო სტრუქტურებთან ღია პოლემიკაში და სამართლებრივ დავაში შესვლას, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო მოხელის მხრიდან არასამართლიან და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. აღნიშნულ თემებზე ,,არდი“ ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც ბიზნესომბუდსმენთან, ასევე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ საბჭოსთან. მათი თანადგომით,,არდიმ“ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გამოვლენილი არაკეთილსინდისიერი მიდგომის გამო არაერთი საკუთარი კლიენტი – ბიზნესკომპანია გადაარჩინა გაკოტრებას. ანალოგიური პრობლემაა თბილისის განვითარების ფონდის შემთხვევაშიც, სადაც ფონდმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თითქოსდა, ქალაქის განვითარების კონცეფციის შეცვლის მიზეზით, სამ კომპანიას გაუუქმა ყველა კონტრაქტი.
რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, ფონდმა ერთ-ერთ კომპანიასთან თავისი დაშვებული შეცდომა აღიარა და გაუგრძელა კონტრაქტი, მეორე კომპანიის საქმე სასამართლოში იხილება, ხოლო მესამე კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც ზარალი სადავო არ იყო, ,,არდიმ“ ფონდს მილიონი ლარი უკვე აუნაზღაურა. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობას, რადგან სამივე კომპანიაზე მათ მიერ მოთხოვნილ საბუთებში ფიქსირდება არა 9,5 მილიონი ლარი, როგორც ამას ხომერიკი ტირაჟირებს, არამედ 4 მილიონ 900 ათასი ლარი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა ხომერიკის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ,,არდის“ შესახებ და რა კავშირშია მის შესაძლო გადაყენებასთან სადაზღვევო კომპანია. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,,არდი“ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს როგორც ზედამხედველობის სამსახურთან, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო სტრუქტურასთან.
“არდი“ მომავალშიც შეინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას მსგავს სიტუაციებში, რომ სახელმწიფო მოხეელებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ თავიანთი ფუნქციების“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები