თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დღეს სამშენებლო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ახალი პროექტების საჯარო განხილვა იყო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტს შეეხო, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს ითვალისწინებს.

კანონპროექტი განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გაანგარიშების წესს. გარდა ამისა, მოსაკრებლის გრაფიკით გადახდის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გადახდის გრაფიკთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს წარმოდგენილი გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადას.

ამასთან, მისი გადახდა უნდა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 2 წლის ვადაში. შეხვედრაზე განიხილეს ასევე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 24 მარტის N 4-13 გადაწყვეტილებაში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ეხება კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შესატანი ფართების განსაზღვრას და მიწის ნაკვეთის საზღვრებში აუცილებელი ავტოსადგომების რაოდენობის დადგენას.

სამშენებლო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ნინო ღოღობერიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები