„ყაჩაღიანის უბანზე არავითარი უძველესი ნასახლარების და სამარხების ნგრევის პროცესი არ მიმდინარეობს”

“RMG ჯგუფის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ფარესაშვილის განცხადებით, ყაჩაღიანის უბანზე არავითარი უძველესი ნასახლარების და სამარხების ნგრევის პროცესი არ მიმდინარეობს.
“ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები, მაგრამ არა ყაჩაღიანის ბორცვზე, არამედ სრულიად სხვა ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი პირდაპირ ავალდებულებს კომპანიას და რასაც ე.წ. ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს ფაქტი ასევე დაადასტურეს “საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებმა, კერძოდ ი. მამალაძემ და ნ. ბურჭულაძემ, რომლებიც დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ისინი თავად გაეცნენ ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს და დარწმუნდნენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები კანონიერად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კანონისა და წესების სრული დაცვით, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ ხორციელდება და ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს”, – განაცხადა ფარესიშვილმა. ფარესიშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია კვლევის საბოლოო ანგარიშს შესაბამის უწყებებს წარუდგენს.
“ზემოაღნიშნული შეგნებული დეზინფორმაცია, შეიძლება მხოლოდ იმ მოტივით აიხსნას, რომ განცხადების ავტორს სურს ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება იმის მტკიცებით, რომ თითქოს ჯერ კიდევ შესაძლებელია უკვე დიდი ხნის აღებული ობიექტის გადარჩენა და ამისთვის აუცილებელია სასამართლოს ძალით კომპანიის საქმიანობის შეჩერება. ასეთი ხრიკის გამოყენება ვფიქრობთ, რომ ნამდვილად არ ჯდება ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში და საჭიროებს პროფესიული კუთხით შეფასებას”, – განაცხადა ფარესიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები