საქართველოში ევროპის კვირეული დაიწყო

4-11 მაისს საქართველოში ევროპის კვირეული იმართება. 2015 წლის ევროპის კვირეული ოფიციალურად 4 მაისს თბილისის საკრებულოში გაიხსნა. გახსნის ცერემონიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ღონისძიების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ ევროკავშირის თემაზე შექმნილი ილუსტრირებული ბროშურა „ევროპული გზა-ეს ჩემი არჩევანია“ წარადგინა. გახსნის ცერემონიაზე ამავე წიგნში შესული ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო. ევროპის კვირეულის გახსნას მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროპის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან; ასევე, გაიმართება ახალგაზრდული დებატები, კონფერენციები, გამოფენები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა. კვირეულის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდა რეჟისორთა მიერ შექმნილი ეტიუდების წარმოდგენა „იქ, სადაც შენი სახლია“. 5 მინიატურისგან შემდგარი სპექტაკლის თემა ქართული და ევროპული ღირებულებების ერთობა და საზოგადოების ამ ღირებულებებისადმი დამოკიდებულება იქნება. 8 მაისს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ეროვნულ გალერეაში გახსნის ფოტო-გამოფენას. 10 მაისს ალექსანდრესა და 9 აპრილის პარკებში ღია ცის ქვეშ ევროპის დღე აღინიშნება, სადაც მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. ევროპის კვირეული საქართველოში 2007 წლიდან ტარდება, რომლის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება. ღონისძიება კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

2015 წლის ევროპის კვირეული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები