ჯაბა სამუშია: „პანორამა თბილისის“ პროექტი ათასობით ადამიანს დაასაქმებს და ტურისტების რიცხვს გაზრდის (ვიდეო)

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ჯაბა სამუშია პროექტ “პანორამა თბილისს“  უმნიშვნელოვანესს უწოდებს. როგორც სამუშიამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის, როგორც დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, პირველ რიგში, სასიხარულოა ის, რომ პროექტი უამრავ ადამიანს დაასაქმებს.
„ეს პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პროცესში ბევრი ადამიანი დასაქმდება. საუბარია ათასობით ადამიანზე. ეს თავისთავად ძალიან სასიხარულოა. ასევე გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც აისახება ეკონომიკაზე. რაც შეეხება ლანდშაფტს, არქიტექტორებმა მაქსიმალურად შეძლეს, რომ ის კარგად ყოფილიყო მორგებული გარემოზე. ეფექტურად ერწყმის თბილისის იერსახეს. მე პირადად ძალიან მომწონს მაკეტი, რასაც გავეცანი.„პანორამა თბილისი“ კავკასიის მასშტაბით მაღალი კლასის სივრცეს შექმნის – სასტუმროებით, საკონფერენციო დარბაზებით, ორიგინალური დიზაინით“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ჯაბა სამუშიამ. ჯაბა სამუშია უსაფუძვლოს უწოდებს ოპონენტების განცხადებებს, რომ პროექტმა შესაძლოა, ქალაქის ისტორიული ნაწილი დააზიანოს.11198644_369038866635636_1180272512_n
“პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ ვითარებას. მე ვესაუბრე არქეოლოგების, ისინი არ ადასტურებენ, რომ იმ ტერიტორიაზე რაიმე ფორმით ძველი თბილისის განაშენიანების ფაქტები ფიქსირდება“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
თანაინვესტირების ფონდი სოლოლაკის ფერდობზე პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებას გეგმავს. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტი „პანორამა თბილისი“ უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში 30 ათასი  ხე დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები