ილია ლომთათიძემ ასტანის მესამე საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა

ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლემ, გამოჩენილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას“ აღსაზრდელმა ილია ლომთათიძემ ყაზახეთში, ასტანის მესამე საერთაშორისო კონკურსზე, პირველი ადგილი მოიპოვა. პირველი პრემია ილია ლომთათიძემ ქართველ პიანისტთან სანდრო ნებიერიძესთან გაიყო. პირველი ადგილის გარდა, ილია ლომთათიძემ, ასევე, მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური პრიზი.
პატარა ქართველი პიანისტი მიწვეულია საფრანგეთში ანენსის ფესტივალზე და ბათუმის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე. ფორტეპიანოზე დაკვრა ილია ლომთათიძემ 8 წლის ასაკში დაიწყო. სულ მალე, ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას“ დახმარებით, იგი მიიწვიეს შვეიცარიაში, ცნობილი მუსიკოსის და მეთოდოლოგის მიშელ სონის ფონდში, სადაც ახალბედა ქართველმა პიანისტმა დახვეწა და განავითარა საშემსრულებლო დონე. ასტანის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში 252 ნიჭიერმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქალაქიდან. ნახევარფინალში მათგან 30 კონკურსანტი მოხვდა სხვადასხვა ქვეყნიდან – იაპონია, აშშ, რუსეთი, უკრაინა, ავსტრალია, დანია, იტალია, ჩინეთი, სინგაპური, სომხეთი, საქართველო.
ფინალისტებს კი საშუალება მიეცათ დაეკრათ ყაზახეთის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში ასტანის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ასტანის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი ნიჭიერ ბავშვებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მსოფლიოს გააცნონ საკუთარი თავი. მონაწილეთა გამოსვლებს აფასებს ავტორიტეტული საერთაშორისო ჟიური. კონკურსის საპრიზო ფონდია 60,000 დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები