ბათუმში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება
8-10 მაისს ბათუმში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. როგორც Soundspring-ის ორგანიზატორი ლევან ხუჯაძე ამბობს, ღონისძიება ბათუმში მეორედ ტარდება და მისი მიზანია მუსიკაში ექსპერიმენტის მნიშვნელობის დაფიქსირება, თანამედროვე ტენდენციების მსმენელისთვის გაცნობა და მუსიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარება.
„წელს იქნება საერთაშორისო ფესტივალი. მუსიკოსები გვყავს პოლონეთიდან და სომხეთიდან, ასევე, ნორვეგიიდან ჩამოვა ქართველი შემსრულებელი, რომელიც იქ სწავლობს და ცხოვრობს“, – ამბობს ლევან ხუჯაძე.
ზღვისპირა ქალაქში სამდღიანი ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარედ, ხელოვნების გალერეაში გაიხსნება. ასევე, მუსიკოსები ფესტივალის ფარგლებში ვორქშოფებს გამართავენ. მუსიკალური ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. როგორც სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა თეონა ბერიძემ განაცხადა, Soundspring-მა მიმდინარე წელს კონკურსის წესით გაიმარჯვა.
„ერთი მხრივ, ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდას, მეორე მხრივ მაყურებელს ვთავაზობთ კულტურულ მრავალფეროვნებას და ხელი ეწყობა ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე“, – ამბობს თეონა ბერიძე. სამინისტრო ფესტივალს 16.245 ლარით აფინანსებს. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ასევე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.