ინგლისური ენის კურსი ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერებისთვის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაფუძნდა სამინისტროსთან არსებული სასწავლო ცენტრი, სადაც პერიოდულად კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტრენინგი ჩატარდება.
6 მაისს, 16:00 საათზე კულტურის სამინისტროში აღნიშნული სასწავლო ცენტრის პირველი პროექტის პრეზენტაცია შედგება. პროგრამას კულტურის სამინისტრო ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად ახორციელებს. პროექტი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე მენეჯერებისთვის 5-თვიანი უფასო ზოგადი ინგლისური ენის კურსის ჩატარებას გულისხმობს.
„ინგლისური ენა ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერებისთვის“ – აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციას, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე გაუძღვებიან. ბრიტანეთის საბჭო ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე 12 მენეჯერს შეარჩევს. პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს კი ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ბრიტანეთის საბჭოს „Aptis“ ტესტი. ტრენინგი 2015 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულ სასწავლო ცენტრში კვირაში 3-ჯერ, 2 საათის განმავლობაში ჩატარდება. ინგლისური ენის კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პროექტის მხარდამჭერია -საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.