ფოთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა

დღეს ფოთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, სპეციალისტები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში გაიმართა. ადგილობრივმა ანსამბლებმა „მახარიამ“ და „კოლხმა ბიჭებმა“ ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ფოლკლორის წარმომადგენლობებს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და ქალაქში ეტაპობრივად ხსნის. პირველ ეტაპზე ქართული ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის სკოლები იხსენება, სადაც სწავლა უფასოა. პროექტის მიზანია ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიება და მოვლა, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენა და პოპულარიზაცია. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს ხობში, ოზურგეთში, კასპში, ყვარელში, თეთრიწყაროში, ბორჯომსა და გორში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები